საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
მისი მშენებლობის დეტალური გეგმა უკვე დამტკიცებულია. ქარხნის მშენებლობა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2012 წელს. მაგრამ მთავრობამ რამდენჯერმე შეცვალა ინვესტორები და ეს საკითხი გეგმებს არ გასცდა. გასულ წელს პროექტით შავი ზღვის ნავთობკომპანია დაინტერესდა და მასში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ქარხანა წელიწადში 1.1 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას შეძლებს, შემდგომში კი მისი მოცულობა 2.9 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მშენებლობა უნდა დასრულდეს 3-4 წელიწადში.
ქარხანა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში განთავსდება. 2008 წლიდან იქ ფუნქციონირებს ნავთობტერმინალი, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას SOCAR.