რა ხდებოდა საქართველოში 2025 წელს

გასული წლის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეები 2026 წელსაც რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან, მოისმენენ რუსთაველის მცველების მიმართვებს, რეჟიმის პატიმრების გზავნილებს და წინააღმდეგობაში მყოფი ხელოვანების კონცერტს. 

ახალ წელს ქვეყანა ხვდება უფრო მეტად გაყინული ევროინტეგრაციით, კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ ფორმალური სტატუსით, ვიზალიბერალიზაციის ბუნდოვანი მომავლით, ამერიკასთან კვლავ შეჩერებული პარტნიორობით, ახალი რუსული რეპრესიული კანონებით, კიდევ უფრო მეტი პოლიტპატიმრით, რუსული რეჟიმით, რომელმაც კორუფციასთან ბრძოლის საბაბით “თავისივე შვილების ჭამა დაიწყო” და მაინც უწყვეტი, ყოველდღიური პროტესტით.

ტაბულა გთავაზობთ წლის შეჯამებას თვეების მიხედვით. თვალი გადავავლოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

იანვარი

უწყვეტი პროტესტის პარალელურად წლის დასაწყისშივე დაიწყო რეპრესიები — ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების გამო მიღებულ პეტიციებზე ხელმომწერებს “რეორგანიზაციის” საბაბით ათავისუფლებდნენ სხვადასხვა საჯარო უწყებიდან. TI-ს ინფორმაციით, თებერვალში უკვე 400 საჯარო მოხელე იყო სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოში “დესტაბილიზაცია გაუკეთა” ელექტორალურ პროცესსა და გააყალბა ის. ამაზე ივანიშვილის პრემიერმა თქვა, რომ ყველას, მათ შორის ემანუელ მაკრონს ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც “გაწირეს განადგურებისთვის”. 

იანვარშივე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ოპოზიციის მოწოდების შემდეგ, საქართველოში ვიზიტი გადადო, რასაც ქართულმა ოცნებამ “ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი” უწოდა. 

8 იანვარს ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი ოლიგარქიული გავლენებისა და დიფ სთეითის პრობლემას დაძლევს. პარტიის განცხადებაში «დამაიმედებელი» უწოდეს დონალდ ტრამპის გუნდში გაკეთებულ განცხადებებს დიფ სთეითის შესახებ. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ დონალდ ტრამპთან მთავარ საკითხებზე საერთო აზრი ჰქონდათ.

ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება 2003-12 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას ქმნიდა. მათი განცხადებით, კომისიის დასკვნა, მოგვიანებით, «დამნაშავეების დასჯის მიზნით», პროკურატურას გადაეცემოდა.

11 იანვარს ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს ბათუმელების დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი — ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ბრალდებით. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავების შემდგეგ, დგებუაძე ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, რამდენჯერმე სცადა, ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეაკავეს. მალევე, გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა კადრები, სადაც ისმის მუქარა — სავარაუდოდ, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის მისამართით ამბობს: «ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს». დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო, რამაც 38 დღე, 18 თებერვლამდე გასტანა. ამ დროის განმავლობაში და შემდეგაც, არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ, მედიის ასობით წარმომადგენელმა, პოლიტიკოსებმა, ელჩებმა, ფონდებმა მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გაეთავისუფლებინა დაკავებული ჟურნალისტი. ასევე, განცხადება გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამ, PACE-ს პრეზიდენტმა, აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ და სხვ.

12 იანვარს თბილისში, რესტორან ბაბილოში მოსამართლეების ერთობლივი კორპორაციული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სანქცირებული ლევან მურუსიძე მასპინძლობდა. მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს — სტუმრები რესტორანში სტვენის და შეძახილების ფონზე, ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლით შედიოდნენ. ბაბილოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავეს. რეჟიმის მოსამართლეებმა ვახშამი საპოლიციო ძალების დახმარებით დატოვეს.

ახალი თეატრის დასის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების 20 იანვრამდე გათავისუფლება მოითხოვა. ამაზე ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ «არცერთი თავმოყვარე ხელისუფლება ასეთ ულტიმატუმზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს» და რომ მსახიობები “ ამ ულტიმატუმით კოლეგას წირავენ პატიმრობისთვის”. მდინარაძემ ასევე თქვა, რომ შეუძლია, ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩაუდგეს, “თუ გაითავისებს — რა ჩაიდინა”. ამას ბრალდებული გამოეხმაურა და რეჟიმის სპიკერს თავისი უდანაშაულობა შეახსენა. 20 იანვარს ახალმა თეატრმა საპროტესტო მანიფესტი წარადგინა, სადაც დავით დოიაშვილმა განაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გადიოდა. აქედან 3 თვეში, კულტურის სამინისტრომ დოიაშვილი პოსტიდან მოხსნა, რადგან “ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო”. 

13 იანვარს ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დააკავეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს განცხადებით კი, “ინციდენტში დაფიქსირებული პირები” გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 22 იანვარს მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს ჯარიმები დაეკისრათ და უკვე “თბილისში არიან”. 

15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში შერატონში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თვითმხილველების ცნობით — ივანიშვილის დეპუტატები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს, იგივე პირები თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ფიზიკური ძალადობის ინიციატორად გიორგი გახარიას ასახელებდნენ. 

16 იანვარს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინადადება შეიტანეს. ოცნებამ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის ავტორიტეტი “წარსულს ჩაბარდებოდა”. მათ ივანიშვილის შესაძლო სანქცირება დიდ ბრიტანეთში «დიფ სთეითის» გავლენებთანაც დააკავშირეს.

ცნობილი გახდა. რომ საქართველო 2025 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მთავრობის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, “თუმცა რომც მოვიდეს”, ვერ წავიდოდნენ. ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ წელს დავოსის ფორუმში მონაწილეობა მათი «ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი არ იყო».

ყაველაშვილმა ივანიშვილის პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნიდან 3 კვირაში, ნათლისღების დღესასწაულზე 613 პატიმარი შეიწყალა, რასაც ოცნებამ ჰუმანური აქტი უწოდა. რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, ეს რიცხვი “არათუ ბევრი, ცოტაც კია”, რადგან საუბარია პატიმრების 6-7%-ზე.

იანვარშივე გახდა ცნობილი, რომ ივანიშვილის მთავრობა “საუნივერსიტეტო რეფორმისთვის” სამთავრობო კომისიას ქმნიდა, მაშინ კობახიძემ 4-წლიანი რეფორმა დააანონსა და თქვა, რომ კომისიას ალექსანდრე წულაძე და ლევან იზორია უხელმძღვანელებდნენ.

23 იანვრის სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, ივანიშვილმა გასულ შემოდგომაზე, 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად. ივანიშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ ბაჩიაშვილს კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა, თუმცა, “ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას”.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. ამასთან, 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა. დოკუმენტში საუბარი იყო ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზეც. ივანიშვილის რეჟიმმა შეწყვიტა მუშაობა ასამბლეაში, რადგან “უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები და არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია”. 

გალში. სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი დაიღუპა — ყველაზე პატარა 4 თვის იყო. ასევე, თბილისში, დევნილთა დასახლებაში გაზი აფეთქდა, დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. 

თებერვალი

2 თებერვალს საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისი მოლის მიმდებარედ. დემონსტრანტები მარშების გაერთიანებას და რამდენიმე საათით დიღმის გზის გადაკეტვას აპირებდნენ. დააკავეს 20-ზე მეტი ადამიანი, აქედან — 8 სისხლის სამართლის წესით, მათ შორის, გიგი უგულავა და ნიკა მელია. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, 11 დაკავებულს სხეულის დაზიანებები ჰქონდა. სისხლის სამართლის წესით დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს.

რეჟიმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატირობა მიუსაჯა, გიორგი კუჭუაშვილს 4 წლით, ხოლო დავით კოლდარს 2 წლით და 3 თვით. განაჩენი დადგა უჩა აბაშიძის და მარი იაშვილის საქმეებზეც — პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვაში ბრალდებულ აბაშიძეს 5 წლით, ხოლო მის ცოლს, მარი იაშვილს — 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ოცნებამ თებერვალში დაჩქარებული წესით მიიღო შემზღუდველი კანონები. შედეგად, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდება 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა. სამართალდარღვევად განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ცვლილებებითვე, მანიფესტაციისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, დახურულ სივრცეში აქციის ჩატარების შესახებ გაუფრთხილებლობა, ასევე,  სამართალდამცველის დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. ვენეციის კომისიამ შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში ამ და 2024 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებს «ფუნდამენტურად პრობლემური» უწოდა.

პარალელურად გახდა ცნობილი, რომ ქართული ოცნება მიიღებდა კანონპროექტს, «რომელიც იქნება ამერიკული ფარას მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი». თებერვალშივე გაცხადდა, რომ რეჟიმი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავდა. თან, ახალ რეგულაციებს უწესებდა და კომკომს ზეწოლის ბერკეტებს უზრდიდა. ამასთან, ერთპარტიულმა პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები შეიტანა და სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შექმნა, რომელსაც მისთვის სასურველ NGO-ებზე გრანტების გაცემა შეუძლია. უკვე აპრილში ივანიშვილის პარლამენტმა ოფიციალურად აკრძალა რეჟიმის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღება. ასევე, პარტიებს აეკრძალათ უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ღონისძიების მოწყობა.

ცნობილი გახდა, რომ კანონმდებლობიდან ამოიღებდნენ ტერმინ «გენდერს» , რადგან “ვერ გაავლებდნენ ზღვარს სქესსა და გენდერს შორის”. ასევე, რეჟიმის მიღებული ცვლილებებით , საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო აღარ არის.

18 თებერვალს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. ზურაბიშვილმა საჩივარი შეიტანა, ოცნების წარმომადგენლები თავდასხმაზე ამბობდნენ, რომ ზურაბიშვილმა “რაც დათესა”, სწორედ ის მოიმკა.

რეჟიმმა ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისია შექმნა, თავმჯდომარედ თეა წულუკიანი აირჩიეს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ კომისიასთან არ ითანამშრომლებდა. 

25 თებერვალს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა.  თავისუფლების ინსტიტუტისა და ფედერალისტების ორგანიზებით ფილმის რესპუბლიკის დაცემა და წითელი ტერორი ჩვენების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ უალტერნატივო გეგმა ახალი არჩევნებია.

ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა — მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა. გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებით, “რადგან ბიტკოინების საქმე არის ძალიან უპერსპექტივო და სტრასბურგში პირდაპირ ივანიშვილის კრახით დასრულდება, ალბათ აირჩეს სტრატეგია, რომ მეორე საქმე უფრო კარგად შეკერონ და ამ საქმეზე აიღონ აქცენტი”.

ივანიშვილის მთავრობამ  საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ღირსების და ბრწყინვალების ორდენებზე წარადგინა. ყაველაშვილმა ნაკრები ივლისში დააჯილდოვა. ასევე, ყაველაშვილმა, მარტში რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს გადასცა ღირსების ორდენები, ხოლო ოქტომბერში — კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ოქტომბრის ბოლოს, ოცნებამ სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებისთვის სპორტსმენები ფულით დააჯილდოვა.

თვის ბოლოს დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს მოწყდა, გურიის სოფელებში იყო მსხვერპლიც.

მარტი

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. მას საქართველოს პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა. ბაჩიაშვილს ახალი ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთისთვის წარედგინა. შსს-ს განცხადებით, ბრალდებულმა საზღვარი გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, «ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, ფარულად გადაკვეთა», სომხეთში კი — რუსეთის მოქალაქის პასპორტი წარადგინა. ივანიშვილის სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა — სამივე საქმეზე. პროკურორის თქმით, მიმართეს ინტერპოლსაც. რამდენიმე დღეში ბაჩიაშვილს ე.წ ბიტკოინების საქმეზე 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა გამკაცრდებოდა. ასევე, მდინარაძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსს სავალდებულო მკურნალობა დაემატებოდა. ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონი ივლისში დაამტკიცეს.

პოლიტიკური მოძრაობა «თავისუფლების მოედანი» პარტიად ჩამოყალიბდა. ყრილობამ პარტიის წესდება დაამტკიცა და სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა აირჩია. თუმცა, ოფიციალურად დარეგისტრირება მხოლოდ 19 ნოემბერს შეძლო.

პარტიად დარეგისტრირდნენ ფედერალისტებიც, მათ ორი სადამფუძნებლო ყრილობის ჩატარება დასჭირდათ, რადგან პირველ შემთხვევაში წესდება საჯარო რეესტრმა დაახარვეზა. ამის შემდეგ, ქართული ოცნების ანალოგიური წესდება შეიტანეს, რაზე უარიც, მათი თქმით,  ცხადად იქნებოდა პოლიტიკური მოტივი.

მარტშივე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე, სასჯელის შთანთქმის ნაცვლად, შეკრებითობის პრინციპი გამოიყენეს საზღვრის კვეთის საქმეზე და ექსპრეზიდენტს ჯამში 12 წელი და 6 თვე მიესაჯა.

ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, «ერთიანი ნეიტრალური საქართველოს» მიმართვის საფუძველზე ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა. პროკურატურის განცხადებით, ისინი “ძალადობრივ ქმედებებს აფინანსებდნენ და უკანონობას ახალისებდნენ”. მოგვიანებით, უკვე აპრილში, ფონდების დამფუძნებლების სახლები გაჩხრიკეს — «გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით».

15 მარტს,  ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე, დააკავეს გელა უძილაური, რომელსაც მოგვიანებით უვადო პატიმრობა მიესაჯა. შემდეგ შსს-მ კიდევ სამი პირი დააკავა, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს — ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ ძმები მიქაძეები დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან, რის გამოც მისი მკვლელობის ორგანიზება შეუკვეთეს. უკვე სექტემბერში, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, «დედ ჰასანის» შვილიშვილმა ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება შეუკვეთა. 29 დეკემბერს შსს-მ ძებნა გამოცხადა ოთარ ფარცხალაძეზე — ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით. გამოძიების მტკიცებით, “დანაშაულებრივ ჯგუფს” სწორედ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

მუშაობა დაიწყო თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ. დაიბარეს არაერთი პირი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც მისვლაზე და “ცირკში მონაწილეობაზე” უარი განაცხადეს.  ქართული ოცნების განცხადებით, კომისიის დასკვნით, მიმართავდნენ საკონსტიტუციოს ენმ-ს და სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე და ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე “განა არ, ვერ” გავიდოდნენ.

31 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეებს მეხუთე პრეზიდენტმა მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით შეიქმნებოდა  წინააღმდეგობის პლატფორმა. პარტიები შეთანხმდებოდნენ არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად და ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე.

აპრილი

ივანიშვილის პარლამენტმა მათი მტკიცებით «FARA-ს ანალოგი”, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მიიღო. ასევე, დაამტკიცა მედიის შემზღუდველი კანონი და მხარი დაუჭირა სამშობლის ღალატის მუხლის დამატებას. 

წულუკიანის კომისიის მანდატი 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაფართოვდა. კომისიას გაუხანგრძლივდა მუშაობის ვადაც. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ბრალდება წარედგინათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს და ახალის ლიდერს, ნიკა მელიას. ასევე ახალის ლიდერს, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო, ირაკლი ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო.

თეა წულუკიანმა კომისიაზე დაიბარა გიორგი გახარიაც. თავდაპირველად მან კომისიის სხდომის დროს ბრიფინგი დანიშნა, შემდეგ კი გააუქმა და სხდომაზე მივიდა. მან თქვა, რომ 20 ივნისს გაზსა და ჭავლზე ბრძანება თავად გასცა, ტყვიებზე კი — არა, მისივე მტკიცებით, გავერილოვის ქვეყანაში შემოშვება არ უნდოდა და “პარლამენტიდან დაიწყეს რეკვა და თხოვნა”.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებები გამოაცხადა. მისი თქმით, ახალ, რეგიონული განვითარების სამინისტროს გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებდა, რომელიც  იქამდე სუს-ის უფროსი იყო. ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე ანრი ოხანაშვილი დაინიშნებოდა, რომელიც წინა 4 თვე იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია გახდა, მის მოადგილედ კი მერაბ ტურავა დაინიშნა. ასევე, ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად წარადგინეს.  კობახიძის თქმით, სამთავრობო ცვლილებები სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას ემსახურებოდა.

ორ დღეში გახდა ცნობილი, რომ გრიგოლ ლილუაშვილს მინისტრად აღარ დანიშნავდნენ, რადგან “მას ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით”.  რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი დანიშნეს, რომელიც იქამდე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლილუაშვილმა მადლობა თქვა, რომ “თანაზიარი” იყო პროცესის — მიეღო მონაწილეობა და ეხელმძღვანელა “ამ ძალიან ღირსეული და პატრიოტული უწყებისთვის”.

4 აპრილს ივანიშვილისთვის მიძღვნილი მადლობებით გადადგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე და თქვა, რომ რჩება ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად. ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინა. ერთ თვეში, თორნიკე რიჟვაძის მამამ აჭარის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსის პოსტი დატოვა.

საკადრო ცვლილებების ფონზე, აპრილში პოლიტიკიდან წავიდა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მან თქვა, ეამაყება, რომ “თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ”.

გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის ოთხი წარმომადგენელი დაასანქცირა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო —  გენპროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, გდდ-ს უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძე და შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე.

ცესკომ არჩევნების დაკვირვება და ფოტო-ვიდეო გადაღება შეზღუდა. ასევე, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ამომრჩევლისთვის პირადობის ჩვენების მოთხოვნა და მისი გამორთმევა აეკრძალა. სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებები «კარუსელების» ლეგალიზებად შეაფასა.

8 აპრილს მედიის სოლიდარობის მარში გაიმართა, იმავე ღამეს პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა და აქტივისტებმა 9 აპრილის მემორიალთან გაათენეს. ოცნების მაღალჩინოსნები მემორიალთან არ მოვიდნენ, რადგან “არ აყვნენ” აქციის მონაწილეებს და სამებაში, პარაკლისზე მისვლა გადაწყვიტეს.

ევროკომისიის მხრიდან სავიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებაზე მუშაობის პარალელურად ივანიშვილის რეჟიმმა აქტიურად დაიწყო უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვასთან მოსახლეობის შეგუება, შალვა პაპუაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა “რაიმე ღვთიური მანანა” არაა და “ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის”. რეჟიმის სპიკერების თქმით, ვიზალიბერალიზაცია “საქართველოს არსებობის ქვაკუთხედად”  არ უნდა გავხადოთ. მოგვიანებით, ოცნების ოფიციალურმა პირებმა ისიც თქვეს, რომ ვიზალიბერალიზაციის მინუსი მიგრაციის წახალისებაა.

პუტინისტური მოძრაობა ალტინფოს პარტია საჯარო რეესტრმა «კონსერვატორები საქართველოსთვის» სახელით დაარეგისტრირა. იქამდე რეესტრმა მოძრაობას პარტიის რეგისტრაცია ორჯერ შეუჩერა. 

მაისი

1 მაისს სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. 27 მაისს კი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს. სუს-ის მტკიცებით, მსჯავრდებული “წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა”. თავად ბაჩიაშვილის განცხადებით, ინტერპოლს მისი ძებნა შეწყვეტილი ჰქონდა და ხელისუფლებამ “ივანიშვილის დავალებით” მოიტაცა.  მისი მტკიცებით, სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც ძალით ჩამოიყვანეს, კერძოდ, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში. 

6 მაისს ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ისევ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. ოცნებამ დაამტკიცა 15-კაციანი პოლიტსაბჭოც. 

რეჟიმის პატიმრების საქმეებზე მაისში არაერთი პოლიციელი დაკითხეს, ყველა მათგანი ამბობდა, რომ არ დაუნახავს, ვინ ესროლა ქვა/ფეიერვერკი და ორგანიზებულობაც არ შეუმჩნევიათ. ასევე, ვერ ამოიცნეს ვერცერთი ბრალდებული და თქვეს, რომ ხელს ვერავის დაადებდნენ.

დაკითხეს მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც. მან თქვა, რომ ამაღლობელმა «ერთხელ დაარტყა მარჯვენა სახის არეში», რის შედეგადაც, განიცადა ტკივილი. დგებუაძემ გარკვეულწილად უკმაყოფილებაც გამოთქვა იმის გამო, რომ მის მიერ «განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში». დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილიც, რომლის თქმითაც, დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი.

9 მაისს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. იმავე დღეს, გერმანიის ელჩმა განმარტა, რომ EU-მ შეაჩერა ქართულ ოცნებასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ კრიზისს არ მოაგვარებს. 

14 მაისს ივანიშვილის პარლამენტი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ს კონგრესის მიერ 5 მაისს MEGOBARI აქტის მიღებას. რეჟიმი წერდა, რომ MEGOBARI აქტი, «თავისი არსით საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტია». ივანიშვილის რეჟიმმა ცრუ ბრალდებები უწოდა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ფაქტს, ისევე, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას და რუსეთისა და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირებს.

13 მაისს ოცნებამ დააინიცირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დიპლომატის ვადაზე ადრე გაწვევის საფუძველს «ქვეყნის იმიჯის შელახვა» ემატება. იმავე დღეს, ივანიშვილის პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ასევე, შექმნა მექანიზმი, რაც «შეკრების წესის დამრღვევი» უცხოელების გაძევებას გაამარტივებს.

ოცნებამ გაეროში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ მხარს საამიროების კანდიდატს დაუჭერდა, რადგან “არაა დემოკრატიული კანდიდატის მესამედ წარდგენა”.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდეს. ასევე, სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს ნიკა მელია. შემდეგ კი, ასევე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა, რაზეც ახალი ბრალდება წარუდგინეს.

მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტებს — ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს. ლაშხის თქმით, მათ 17 მაისს შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა ერთ-ერთ კაფეში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა. 

28 მაისს აშშ-ს საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. ბიძინა ივანიშვილმა საელჩოს უპასუხა და დაწერა, რომ  «ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი უცვლელია». მისი თქმით, “პირადი შანტაჟის ფონზე” ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია. “აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია” — წერდა ივანიშვილი.

28 მაისსვე, სანქცირებული შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გადადგა, მას “სამშობლოსა და ერის წინაშე დამსახურებისთვის” ვახტანგ გორგასლის ორდენი გადაეცა. ივანიშვილის ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა.

ივნისი

გენერალურ აუდიტორად გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული ყოფილი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი წარადგინეს, ახალ გენერალურ პროკურორად კი, გიორგი გვარაკიძე აირჩიეს.

ივანიშვილის შსს-ში «საკადრო ცვლილებები განხორციელდა» — პოსტები დატოვეს საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ (გადაინაცვლა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად), კრიმინალური პოლიციის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლაშა გოგნიაშვილმა. ასევე, თანამდებობიდან წავიდა გდდ-ს დირექტორი, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) — რეჟიმის მტკიცებით —  საკუთარი განცხადებით. მათ გარდა, «პირადი განცხადების საფუძველზე” პოსტები დატოვეს შს მინისტრის მრჩეველმა ნინო გიორგობიანმა და შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.

ოცნებამ წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, “დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით”, გამარტივდა ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება. ივანიშვილის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ “დიახ, გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება” და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი «იძულებული იქნება, მითვისებული თანხები აანაზღაუროს». უკვე ოქტომბერში მიღებული კანონმდებლობით დადგინდა, რომ ფინანსურ დანაშაულზე ნასამართლევ პირებს ქვეყნიდან გასვლა ზიანის ანაზღაურებამდე აეკრძალებათ.

რეჟიმმა მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, დაიწყო რუსული კანონების აღსრულება, ენჯეოებს მოსთხოვეს მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რაზეც ორგანიზაციებმა უარი თქვეს.

შსს-მ მასწავლებელი ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა.  უწყების განცხადებით, დათაშვილი სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იმავე თვეში, პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას ოქტომბერში ბრალი გადაუკვალიფიცირეს (ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ) და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რეჟიმმა განაჩენი გამოიტანა წულუკიანის კომისიაზე არმისული პოლიტიკოსების საქმეებზე. ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს და გივი თარგამაძეს 7-7 თვით პატიმრობა მიესაჯათ, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას (ივლისში) და ირაკლი ოქრუაშვილს (ივლისში) 8-8 თვით. ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალიც წარუდგინეს — სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლით, «2 წლის წინანდელ, რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე”.

პარალელურად, წულუკიანმა ხელახლა დაიბარა გამოკითხვაზე გიორგი გახარია, ამჯერად ჩორჩანას საქმეზე. გახარია საქართველოში არ იმყოფებოდა და მზაობა გამოთქვა დისტანციურად გამოკითხვისთვის. 14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ვახტანგ გომელაური დაიკითხა სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას “ქმედებასთან” დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ გახარიას გერმანიაში წასვლა “სამარცხვინოდ გაქცევად” შეაფასა. წულუკიანის კომისიამ ექსპრემიერი განმეორებით 2 ივლისს დაიბარა.

სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა — “2 556 192 ლარის უკანონო ლეგალიზაციისთვის”. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

რეჟიმმა დააანონსა გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვა. ცილისწამების განმარტება დაზუსტდა, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება. მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადაიტანეს. რეჟიმმა კანონი დაჩქარებული წესით მიიღო და მას100-დღიანი უკუძალა მისცა.

აშშ-ს ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი გადადგა, საქართველოს ელჩი აშშ-ში კი — თამარ ტალიაშვილი გახდა. მან უკვე ივლისში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები და ის “მნიშვნელოვანი გზავნილები” გადასცა, რაც ოცნებას “აშშ-ს მიმართ გააჩნია”.

რეჟიმმა მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივლა. Facebook პოსტის გამო 4 000-4 000 ლარით დააჯარიმეს ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები.

ოცნებამ სასამართლოდან მედიის განდევნის კანონი მიიღო. დადგინდა, რომ სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებდა. აკრძალვის მიზეზად დაასახელეს, რომ ტრანსლაციის შედეგად, პროცესებზე ხშირად ხდებოდა «სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია». ინიციატორის თქმით, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულებმა ერთ-ერთ სხდომაზე «ფაქტობრივად, აბუჩად აიგდეს მოსამართლე და პროკურორები». უკვე ივლისში ოცნებამ სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებაც შეზღუდა და თქვა, რომ «ეს უბრალოდ გამორჩენილი იყო ტექსტში”.

რეჟიმმა სრულად აუკრძალა კერძო სუბიექტებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი.

ივანიშვილის განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, რომელიც პოსტზე ოქტომბერში დაინიშნა და რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმის კომისიას ხელმძღვანელობდა, FB-პოსტით გადადგა. ივანიშვილის ახალ განათლების მინისტრად «ძალიან ღრმა გამოცდილების” მქონე გივი მიქანაძე დაინიშნა.

30 ივნისს საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ 8 ოპოზიციური პარტია უარს ამბობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ლელოს შეფასებით კი, თუ ოპოზიცია არჩევნებზე არ გავიდოდა, ივანიშვილი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებდა. პარალელურად, რეჟიმმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს არ მოიწვევდნენ, რადგან ზედმეტი იქნებოდა მათი “დატვირთვა”.

ივლისი

ოცნებამ კანონი გაამკაცრა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელის დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან გზის გადაკეტვისთვის შეფარდებული ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ იგივე სამართალდარღვევა განმეორებით დაუდგინდებოდათ, პატიმრობას შეუფარდებდნენ.  

ასევე, ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და დაფარული გახდა იმ პირის ვინაობა, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობს. 

გიორგი გახარიას პარტიის 12 წარმომადგენელს მანდატები შეუწყვიტეს. თუმცა, რადგან პარტიას საპარლამენტო სიები ჩახსნილი არ ჰქონდა, სექტემბრის თვეში მომდევნო 12 დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს.

რეჟიმმა განაჩენი გამოიტანა პროევროპული აქციების დროს დაკავებული 3 პირის საქმეზე. გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო საბა ჯიქიას და ანრი კვარაცხელიას — 4 წლით და 6 თვით.

4 ივლისს ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ შეიწყალებდა პოლიტიკოსებს, თუ არჩევნებში მონაწილეობას დაადასტურებდნენ. 5 ივლისს კოალიცია ძლიერმა საქართველომ ოფიციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, ამის გამო, გაერთიანება რამდენიმე ადამიანმა დატოვა. მალევე, გახარიას პარტიამ და ლელომ თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ისინი ამბობდნენ, რომ ოცნებისთვის არ უნდა “დაეთმოთ”. 19 ივლისს რუსთაველის გამზირზე წინააღმდეგობის პლატფორმაში შემავალი 8 პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვითაც, არ გახდებოდნენ რეჟიმის თანამზრახველები და არ მიიღებდნენ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში.

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა), ოფიციალური ინფორმაციით, შემოწმებისას ამოიღეს იარაღი, რომლის ტარების უფლება არ ჰქონდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

7 ივლისს დილით გახდა ცნობილი, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, ის გულმკერდის არეში იყო დაჭრილი. სამთავრობო პროპაგანდის წერილი გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. წერილში ნათქვამი იყო, რომ მას «კორუფციას და ბარიგების მფარველობას» აბრალდებდნენ. წერილში რიჟვაძე ოჯახის დაცვას სთხოვდა ივანიშვილსა და კობახიძეს. მეორე დღეს, გვიან ღამით, რიჟვაძე ოჯახის მოთხოვნით,  თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ივანიშვილის პრემიერმა კი თქვა, რომ მას და მის მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ აქვთ რიჟვაძის მიმართ. მოგვიანებით, ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში წავიდა, ახლობლების ცნობებით — თვალის ოპერაციისთვის. 

რეჟიმმა გამოძიება დაიწყო 2019 წლის 20-21 ივნისთან დაკავშირებით, რაც “სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით” ახსნეს. პროკურატურამ “ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად” დაზარალებულების მონაწილეობით რუსთაველის გამზირზე ჩაატარა “საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება». იმ დროისთვის გიორგი გახარია უკვე გერმანიაში იყო წასული.

11 ივლისს ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა წერილი გაავრცელეს, რომ “შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებულები” იყვნენ “საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით”. ივანიშვილის რეჟიმის შეფასებით, მსგავსი განცხადებები საქართველოს შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას უწყობს ხელს. მათი მტკიცებით,  წერილი «18 ჩინოვნიკის» მიერ არის დაწერილი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების «უდიდეს უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში, დიფსთეითის არაფორმალური მმართველობა ღრმად არის ფესვგადგმული». 

მალევე, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა წერილით. კომისიის ანგარიშის მიხედვით, ადგილი ჰქონდა საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს. კომისიამ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის, რეჟიმს მოუწოდა რუსული კანონის და ანტი ლგბტ კანონმდებლობის გაუქმებისკენ. წერილში ნათქვამი იყო, რომ  თუ დარღვევები გაგრძელდებოდა, კომისიას, შეიძლება, დაეწყო პროცედურები ვიზის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. ამაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე თავდასხმები გრძელდებოდა. განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, რომლის მიხედვით, “საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს». 

14 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 3 დღით ადრე ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს. ბაჩიაშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებდა, პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, ინციდენტი მსჯავრდებულებს შორის მოხდა და ორივე მათგანმა მიიღო დაზიანებები. მოგვიანებით, 21 აგვისტოს გლდანის ციხის ხელმძღვანელმა და პენიტენციურის მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, შესაძლოა “კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”. მათივე განცხადებით, გია ქემოკლიძის და დავით გოგობერიშვილის თანამდებობებზე ყოფნას “შესაძლოა, ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში”. მეორე დღეს პოსტი დატოვა პენიტენციურის უფროსმა ბეჟან ოგბაიძემაც. თავად ბაჩიაშვილის პოზიციით, არ ჰქონდა არავითარი შესაძლებლობა რაიმე პროცესზე ზემოქმედების. კიდევ უფრო გვიან, ოქტომბერში, ციხის ყოფილი დირექტორი, რომელმაც პოსტი ბაჩიაშვილის ცემის შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს — გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. რაც შეეხება გია ქემოკლიძეს, ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს. სუს-ის მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია, რაც არ გამოუვიდათ, ამის შემდეგ კი, ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კახი მეტრეველი შეასახლა, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა სპეციალურად დაიწყო «ურთიერთობის დაძაბვა».  

14 ივლისსვე, საღამოს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, კორპუსი ავარიული იყო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, თუმცა 100%-იანი თანხმობა არ შედგა. კახა კალაძეს არ აუხსნია, რატომ არ იყო შემოსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია და რატომ ეძლეოდათ ადამიანებს ვაჭრობის უფლება. 

17 ივლისს კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ «აუცილებლად” იქნებოდა მერობის კანდიდატი, იქამდე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კალაძე 99.9%-ით იქნებოდა მათი კანდიდატი, თუმცა, ოცნებამ ოფიციალური წარდგენა გადადო. 27 ივლისს ოცნების დეპუტატმა ლევან მახაშვილმა თქვა, რომ “რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს”. სულ ცოტა ხანში მახაშვილმა კახა კალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ თავისივე განცხადებას «ორწუთიანი თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია» უწოდა და თქვა, რომ მისი სიტყვები «შეგნებულად» დაამახინჯეს. მახაშვილის განცხადებით, «სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით არის სრული ერთსულოვნება გუნდში და იგი არის უალტერნატივო კანდიდატი». 31 ივლისს ოცნებამ კახა კალაძე წარადგინა. ირაკლი კობახიძემ მას ჩემპიონი მეოჯახე, ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი უწოდა.

დაკავებიდან თითქმის 1 თვის შემდეგ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდებულს  გადაადგილება უჭირდა წელის ტკივილის გამო და მას ჯანმრთელობის კონკრეტული საჭიროებები ჰქონდა. ის ასევე მოინახულა საიას თავმჯდომარემ და თქვა, რომ აუცილებელი იყო კვლევების ჩატარება. აგვისტოს თვეში სასამართლომ დაკავებული მასწავლებლის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა. უფლებადამცველების ინფორმაციით, პროკურატურამ უსაფუძვლოდ მოითხოვა ნინო დათაშვილის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა, თავად ბრალდებულს კი არ მისცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება. პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნებოდა სამედიცინო ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ნინო დათაშვილს აქვს ხერხემლის პრობლემები, რაც იწვევს ემოციურ ლაბილობას და ტირილს. საზოგადოების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლების პროტესტის შემდეგ, პროკურორმა თქვა, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ამბულატორიული კვლევით დასრულდა და დათაშვილს სტაციონარში აღარ გადაიყვანდნენ.

გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს ბრალის აღიარების სანაცვლოდ სასჯელის შემსუბუქება შესთავაზეს. ივანიშვილის პრემიერის თქმითაც, “აღიარონ, რომ ქმედება იყო დასაძრახი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე”. მან ასევე რეჟიმის პატიმებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  ისინი პირველ რიგში პრევენციისთვის დააკავეს. პარალელურად, რეჟიმის პატიმრების სხდომებზე დაიკითხნენ გამომძიებელი და გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი. ერთმა თქვა, რომ ბრალდებულების პირდაპირი კავშირი ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის, ხოლო მეორემ, რომ არ დაუნახავს, ქვა ვინ ესროლა და ვერც ვერავის ამოიცნობს.

ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის დააკავეს ოცნების ყოფილი დეპუტატი ელდარ კურტანიძე. მას დეკემბერში 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ბრალდებით დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე და კიდევ 2 პირი. პროკურორმა თქვა, რომ შეფასდებოდა ბურჭულაძის ქმედებებიც. რამდენიმე დღეში ექსმინისტრმა თქვა, რომ არ ჰგონია, საქმეს პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს. მასვე არ ეგონა, რომ მას ან ირაკლი ღარიბაშვილს შეეხებოდა “რამენაირად».

ივლისში დაიწყო და 3 თვე გაგრძელდა 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის” შესახებ საუბარი. პაატა ბურჭულაძის თქმით, “ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს”. 

25 ივლისს, ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 200 000 დოლარი უნდა მიიღოს გდდ-ს ყველა თანამშრომელმა, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში. მან მიმართა სხვა თანამშრომლებსაც და თქვა, რომ 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მიეცეთ, ვინც სისტემას ამხელს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ განცხადების საფუძველზე დაიჭირეს ორი თვის შემდეგ ლევან ხაბეიშვილი. 

აგვისტო

დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა, რომლის ადვოკატის თქმითაც, ბრალდებულს სუს-ში თანხა შესთავაზეს, რომ მათთვის ლევან ხაბეიშვილზე ინფორმაცია მიეწოდებინა.

დააკავეს სოფლის განვითარების სააგენტოს ერთერთი დეპარტამენტის უფროსი. იმავე გამოძიების ფარგლებში, სასოფლო — სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დააკავეს 11 პირი, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი. მოგვიანებით, ოქტომბერ-ნოემბერში კიდევ რამდენიმე პირი მისცეს პასუხისგებაში, ჯამში — 24. საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 6 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებისა და 3 მილიონ ლარზე მეტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.

4.5-თვიანი მუშაობის შემდეგ, სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა ანრი ოხანაშვილმაც. მისი თქმით, საქმიანობას ირაკლი კობახიძის მრჩევლად გააგრძელებდა, კობახიძის თქმით, “მნიშვნელოვანი მისია, ანალიტიკური მუშაობა” ჩაბარდებოდა ანრი ოხანაშვილს. ოცნებამ ივანიშვილის სუს-ის ახალ უფროსად მამუკა მდინარაძე წარადგინა, რომელმაც თქვა, რომ თავისი ხედვები აქვს, სუს-ში თავისი «გუნდით» მივა და 5 აპრილს დანიშნული ირაკლი ბერაია დაზვერვის უფროსი აღარ იქნებოდა, ოხანაშვილის გაწეულ ანალიტიკურ სამუშაოზე ინფორმაცია კი, ამ დრომდე უცნობია.

რეჟიმმა რამდენიმე პოლიტპატიმრის საქმეზე გამოიტანა განაჩენი. მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს — პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ ძალადობის მუხლით. მოგვიანებით, მისი განაჩენი სააპელაციომაც ძალაში დატოვა. იგივე მუხლზე გადაუკვალიფიცირეს და ასევე 2 წელი მიუსაჯეს აქციებზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს. უდანაშაულოდ ცნეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე. ივლისშივე, რეჟიმმა აქცოებზე დაკავებულ დავით ლომიძეს, თემურ ზასოხაშვილს და დავით ხომერიკს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, არჩილ მუსელიანცს — 4 წლით.

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური საპროტესტო აქციების 2 მონაწილე — მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მათ ყოფილ ფეხბურთელზე და «ქართული ოცნების» მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, შერვაშიძემ და თოშხუამ გოცირიძეს დანა წაართვეს და პატრულს გადასცეს. ორივე მათგანი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბოლო სასამართლო სხდომაზე გოცირიძემ თქვა, “საგანგაშო ტკივილი” არ უგრძვნია და თავადაც ჩხუბობდა. მანვე მოსამართლეს მიმართა, რომ თუ ბრალდებულებს წინაასახააწლოდ გირაოთი გამოუშვებდნენ, “ძალიან გაუხარდებოდა”.

პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ ყადაღა დაადო 7 არასამთავრობო ორგანიზაციას. ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “დაადგინეს”, რომ NGO-ებმა აქციებზე “კანონსაწინააღმდეგო ქმედებები” დააფინანსეს. კერძოდ, ყიდულობდნენ სპეციალურ აირწინაღებს, დამცავ სათვალეებს, პირბადეებს, სახის დასაფარ ნიღბებს, წიწაკის სპრეის და სხვა საშუალებებს, “რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”. ამასთან, პროკურატურა ორგანიზაციებს ედავება, რომ ისინი “ძალადობრივ ქმედებებში” ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს ფინანსურად მფარველობდნენ, უხდიდნენ ჯარიმებს და უზრუნველყოფდნენ დაცვის ხარჯებს.

ნიდერლანდებმა შეაჩერა ოცნების მაღალჩინოსნების მონაწილეობა MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამაში. ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატმა დეკლარაცია გაავრცელა, სადაც ხაზგასმული იყო, რომ თუ საქართველო კურსს არ შეიცვლიდა, ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილებებს გაასაჩივრებდნენ და მოუწოდებდნენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყოთ საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესი. 

ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის შემუშავებული კანონპროექტით საქართველოს, მათ შორის, «პოლიტიკური ვითარების» გამო, ამოიღებდნენ იმ ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებსაც პოლონეთში მუშაობის დაწყება გამარტივებული წესით შეუძლიათ. კანონპროექტი ნოემბერში მიიღეს და 1 დეკემბრიდან შევიდა ძალაში. ამაზე ოცნების მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ პოლონეთზე ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა  და თან, “მიგრაციის პოლიტიკა ჩვენც საკმაოდ მკაცრი გვაქვს და ვერც ჩვენთან ჩამოვა პოლონელი ასე ადვილად სამუშაოდ”. 

წინააღმდეგობის პლატფორმაში შემავალმა 8 ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ მიმართა ოპოზიციას, უარი ეთქვათ “4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში” მონაწილეობაზე. თუმცა, ლელომ და გახარიას პარტიამ იმავე დღეს, თბილისში, მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები დაასახელეს. იქამდე, ირაკლი კუპრაძე ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად იმყოფებოდა.

სექტემბერი

ოცნება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ “უყურადღებობით” დაიღალა და ყაველაშვილის სახელით ღია წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილის პრეზიდენტი წუხდა, რომ “დონალდ ტრამპი არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას ჩვენ მიმართ”. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ს ადმინისტრაციის «აღქმა შეიცვლება», რადგან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხისთვის ამერიკა ძლიერ პრეზიდენტთან ასოცირდებოდეს და არა დიფსტეიტთან. 

გერმანიაში მყოფმა ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ შეცდომა უწოდა საპარლამენტო მანდატების არგამოყენებას. მან თქვა, რომ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭო დარჩენილი 12 მანდატის შესახებ იმსჯელებდა. 

31 აგვისტოს ამოიწურა ვადა, რომელიც ევროკომისიამ ქართულ ოცნებას მისცა რეკომენდაციების შესასრულებლად. ევროკომისია რეჟიმს აფრთხილებდა, რომ დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი შეჩერებულიყო. ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ანგარიში დადგენილ ვადაში გაგზავნეს. ირაკლი კობახიძის თქმით კი, ევროკავშირმა უნდა დააბუთოს, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შეასრულებენ. 13 სექტემბერს თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით — დაიცავი უვიზო. 

სექტემბერში რეჟიმმა განაჩენი გამოიტანა პროევროპული აქციების დროს ნოემბერ-დეკემბერში დაკავებულების საქმეებზე. ე.წ 8 პირს და ე.წ 11 პირს მუხლი გადაუკვალიფიცირეს. კერძოდ, ვეფხვია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს და ზვიად ცეცხლაძეს საქმის მსვლელობის პროცესში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმღვანელობას ედავებოდნენ, მოსამართლემ კი, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის მიუსაჯა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა. დანარჩენ 16 პირს (ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, რუსლან სივაკოვს, სერგეი კუხარჩუკს,გ იორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ინსაფ ალიევს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაცვლად, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის მიუსაჯეს 2-2 წელი. 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საბა სხვიტარიძესაც, ბრალი მასაც გადაუკვალიფიცირეს, ამოვარდა პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი, კერძოდ, როგორც პროკურატურამ აღიარა, საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნეს, ხოლო იგივე ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს, ანტონ ჩეჩინს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.

რეჟიმმა წულუკიანის კომისიის დასკვნა დაამტკიცა. თქვეს, რომ «460-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდება ძალიან მყარი და საფუძვლიანი დასკვნა, რომელიც წავა საკონსტიტუციო სასამართლოში”. წულუკიანის დასკვნაში ნათქვამია, რომ ვარდების რევოლუცია იყო სახელმწიფო გადატრიალება. ასევე ის, რომ ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილებით დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა. კომისიის დასკვნითვე, 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების ომში აღმოჩნდა, რომელმაც გარე ძალების დახმარების იმედით და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალს შეუტიეს. მათივე მტკიცებით, კახა ბენდუქიძემ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ქონება მიისაკუთრა.

საარჩევნო კამპანიის პარალელურად, უწყვეტი პროტესტის მარშის ერთერთი დანიშნულების ადგილი მელიქიშვილის გამზირი, კახა კალაძის შტაბის მიმდებარე ტერიტორია გახდა. ამის გამო, 8 სექტემბერს კალაძის ტიტუშკებმა მოქალაქეებზე, მათ შორის ქალებსა და ჟურნალისტებზე იძალადეს. გამოძიება ჯგუფური ძალადობის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის მუხლებით დაიწყო. 10 სექტემბერს 3 პირი დააკავეს, 2 მათგანი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ხოლო 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე — კალაძის ბანერზე რუსული ოცნების დაწერისთვის. ტიტუშკები პასუხისგებაში არ მისცეს, რადგან “დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან”. რაც შეეხება მეგი დიასამიძეს, ის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, 

ამის შემდეგ, კალაძის ბანერს «რუსული ოცნება» ელენე ხოშტარიამ დააწერა. საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, ამჯერად  დროას ლიდერი დააკავეს. მას 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა დაცვაზე, არ გამოცხადდა სასამართლოში, არ გადაიხადა გირაო და ის ამ დრომდე საპატიმროშია. ივანიშვილის პრემიერს წინა წლებში ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევა და ბანერების დაზიანება როცა შეახსენეს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ადრე ზედმეტად რბილი მიდგომა იყო, დღეიდან პრაქტიკა იქნება სწორი”.

ივანიშვილის პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა, რადგან, თვითმმართველობის არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. ცნობილი გახდა, რომ ლელო-გახარის 28 ოლქში მერობის კანდიდატი არ ჰყავდათ. იმავე თვეში, ლელოს მაჟორიტარობის 4-მა კანდიდატმა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა, თუმცა, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, მაინც “ვინც არჩევნებზე არ მიდის, ეხმარება ოცნებას”.

ივანიშვილის მთავრობამ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია 6 სექტემბერს, არჩევნებამდე 1 თვით ადრე მოიწვია, რათა «არ დარჩეს არანაირი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით».  ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნებამდე თვეზე ნაკლებ ვადაში მოწვევა არსებით დაკვირვებას შეუძლებელს ხდიდა.

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინა პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე ლუკა ძაძამია. ძაძამიას თქმით, ის  «უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს», შემდეგ კი მიხვდა, «რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს ოცნება». ძაძამია საკრებულოში შევიდა, თუმცა, ნოემბერში «პირადი გადაწყვეტილებით” პოლიტიკა დატოვა და მუშაობა კერძო სექტორში გააგრძელა.

11 სექტემბერს დააკავეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი — 2 თვით ადრე გაკეთებული განცხადების გამო, სადაც გდდ-ს თანამშრომლებს დარბევაზე უარის სანაცვლოდ 200 000 დოლარს პირდებოდა. მასთან ერთად, სამართალდამცველზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც გირაოთი გამოუშვეს. ხაბეიშვილს ბრალად წარედგინა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაც. 

ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. მან იმედი გამოთქვა, რომ “უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება”. ბურჭულაძის შემდეგ კითხვები დაისვა ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებაზეც, რასაც ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა. მან ასევე თქვა, რომ ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ქვეყნისთვის. პარალელურად, ოცნებამ საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 30 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად ქონებრივი მდგომარეობის ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც მხილებულნი არიან სამოხელეო თუ ფინანსურ დანაშაულში.

გარდა ამისა, პროკურატურამ 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე, თუმცა, წელი იწურება და მეტი სიახლე ჯერაც არაფერია.

ასევე, სახელმწიფოს კუთვნილი ₾4 მლნ-ზე მეტის მითვისების ბრალდებით 5 პირი დააკავეს, ერთზე — გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელ ბიჭიკო პაიკიძეზე კი, ძებნა გამოცხადდა. პაიკიძე, მისი ადვოკატის თქმით, ონკოლოგიური პაციენტია და თურქეთში წავიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პაიკიძეს საქართველომ პასპორტი გაუუქმა, შემდეგ კი, ბარსელონაში დააკავეს. ჯერჯერობით, საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

მოქალაქეთა უწყვეტი საპროტესტო აქციები და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა უფრო და უფრო მიუღებელი გახდა ქართული ოცნებისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა დამთავრდეს, რომ 20 კაცი აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს და კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. მისი განცხადებით, “მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს”.

11 სექტემბერს უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს და განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანით საქართველოში 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი შემოჰქონდათ. სუს-ის თქმით, სწავლობენ, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბერს “რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის”.

ადვოკატის ცნობით, გაუარესდა მასწავლებელ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა — მას დამოუკიდებლად გადაადგილება და თვითმოვლა არ შეეძლო. უკვე ოქტომბრის ბოლოს, ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, ნინო დათაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ბრალდებული გაათავისუფლეს.

მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ მიიწვიეს. საგარეომ კი განაცხადა, რომ მინისტერიალზე საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებდა მონაწილეობას. კობახიძემ «საბჭოური მიდგომა» უწოდა მინისტერიალზე ბოჭორიშვილის არმიწვევას.

გაგრძელდა და გამძაფრდა თავდასხმები გერმანიის ელჩზე. ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა პეტერ ფიშერი ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში არაერთხელ დაადანაშაულა. პაპუაშვილმა კალაძის ტიტუშკების მიერ მოწყობილ ძალადობაშიც მისი ბრალეულობა დაინახა. 10 სექტემბერს გერმანიის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პაპუაშვილი დეზინფორმაციით აზიანებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. 

24 სექტემბერს ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ელჩს “განემარტა, რომ ვალდებულია, არ ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში”. იქამდე, ევროკავშირისა და 26 ქვეყნის საელჩოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და უარყვეს ივანიშვილის რეჟიმის ბრალდებები ელჩებისადმი. ივანიშვილის საგარეოს განცხადებით, პეტერ ფიშერთან ეს განცხადებაც განიხილეს და «დაინტერესდნენ გამოხატული შეშფოთების  საფუძვლებით». ელჩის დაბარებას იმავე დღეს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო უწყება და განაცხადა, რომ ფიშერი ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს. 25 სექტემბერს პეტერ ფიშერს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ «საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება”.

გერმანიის ელჩის შემდეგ, ივანიშვილის საგარეო სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩიც დაიბარა. ირაკლი კობახიძის თქმით, ელჩები ჩართულები არიან პოლიტიკურ პროცესებში, რასაც სჭირდება რეაგირება. იქამდე, 19 სექტემბერს გაერთიანებულმა სამეფომ ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო. მალე პუტინისტმა ვასაძემ წერილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ბანკებმა მისი და ოჯახის წევრების ანგარიშები დააყადაღეს.

21 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად. ის არ მიიწვიეს ვახშამზე, რომელზეც აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებიც იმყოფებოდნენ. რეჟიმის სპიკერებმა ამაზე თქვეს, რომ “პრეზიდენტი საქმეზეა” ჩასული და არა — სავახშმოდ. 26 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე დონალდ ტრამპს შეხვდა და უთხრა, რომ «დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს». ყაველაშვილის ცნობით, ტრამპი დაპირდა, რომ “ამ საკითხს მიხედავს” და დაუკავშირდება. ირაკლი კობახიძის თქმითაც, “ჩვენ მოთმინებით ველოდებით [ტრამპისგან ზარს]”. მას შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ქართული ოცნების ლიდერები კვლავაც მოლოდინის რეჟიმში არიან.

სანაცვლოდ, ირაკლი კობახიძე რამდენჯერმე შეხვდა ჩინეთის ელჩს, შემდეგ კი, ჩინეთშიც გაემგზავრა. ასევე, არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ჩინეთთან პარტნიორობა.

პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა  ბაჩიაშვილის მშობლებს — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებაისთვის.  ადვოკატის ცნობით, გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს ედავება, რომ წლების წინ მან მშობლებს ბინა და 2 მანქანა უყიდა. ეს გამოძიებამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებად მიიჩნია. თავად გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. იქამდე, ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშებს და აქტივებს ყადაღა დაედო.

29 სექტემბერს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ხასაიამ სხვა ბრალდებულთან ერთად, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა 1 პირს. ხასაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, მასთან ერთად დაკავებული პირი ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

პიკს მიაღწია 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის” კამპანიამ. ტელეეთერებსა და ბრიფინგებში პაატა ბურჭულაძე და ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე სხვა აქტივისტები მოსახლეობას “4-ში დაწყებას, 4-ში დამთავრებას”, “რუსული რეჟიმისთვის სილის გაწვნას” და მეორე დღესვე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას პირდებოდნენ. ირაკლი კობახიძის თქმით, პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნებოდა წარმატებული, “თუმცა ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა”.


ოქტომბერი

პირველ ოქტომბერს თავს დაესხნენ ახალგაზრდა მასწავლებელს, გიგა ავალიანს. ის სამკვირიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიების და ოჯახის ცნობით, მიზეზი ეჭვიანობა გახდა. დააკავეს ავალიანის მოსწავლის შეყვარებული მეგობართან ერთად —  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. მის მეგობარს ბრალდება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინეს. გარდაცვლილის დედის საჯარო განცხადებების და პროტესტის შემდეგ, რომლის თქმითაც, დანაშაული არაერთმა პირმა დაგეგმა, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს. დაღუპულის ოჯახი მათ შორის მოსწავლე გოგოს დაკავებას და ბრალდების გადაკვალიფიცირებას ითხოვს — განზრახ მკვლელობის მუხლით. პროკურატურის მტკიცებით, მათ სთხოვენ იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და “ეს ვიდეოჩანაწერებითაც დასტურდება”.

დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზვიად კუპრავა —  ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდების და დაკავებისას სუს-ის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. მიზეზად პეტერ ფიშერის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიული რიტორიკა დასახელდა. 7 ოქტომბერს ოცნებამ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ “მოსახლეობის მოთხოვნა” ამა თუ იმ ელჩის გაძევებაზე დროებით კონტრპროდუქტიული იქნება. უკვე 19 ოქტომბერს ოცნების თავდასხმების გამო გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. 

4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ მონაწილეობდა. ცესკოს მონაცემებით, ადგილობრივ არჩევნებში ოცნებამ ხმების 80.7% მიიღო, რითაც ივანიშვილის თქმით, “საბოლოოდ გავსწორდით წელში”. ლელომ და გახარიამ კი, ვერც თბილისი და ვერც სხვა ქალაქი ვერ გამოგლიჯეს ქართულ ოცნებას. 

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, «ეროვნული კრების დეკლარაცია» წაიკითხა და თქვა, რომ «ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს». ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ — » მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება». მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. გვიან ღამით 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი — პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს გირაო, დანარჩენებს — პატიმრობა. გარდა ამისა, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, უცხოეთში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა — კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. ასევე, სუს-ის მტკიცებით, ამოიღეს საბრძოლო მასალა, რომელიც “4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო”.

უკვე დეკემბერში, 4 ოქტომბრის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც. იქამდე, ახალაია და მისი ცოლი სუს-ში გამოკითხეს “ტყეში ამოთხრილ იარაღთან” და ბურჭულაძე-ახალაიას სახელით გავრცელებულ დაუდასტურებელ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. როგორც თავად ახალაიამ თქვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, “ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული”.

ირაკლი კობახიძემ ოქტომბერშიც განაცხადა, რომ “არ შეიძლება, 110-მა კაცმა 1 110 000 კაცს ქუჩა გადაუკეტოს”, როგორც ეს “ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა”. ერთ კვირაში, ოცნებამ წარადგინა მორიგი რეპრესიული კანონპროექტი, რომლითაც, 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს სახის ნიღბით დაფარვა და გზის გადაკეტვა. განმეორების შემთხვევაში კი, აქციის მონაწილეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. კანონი დაჩქარებული წესით მიიღეს და გზის გადაკეტვისთვის დააკავეს ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებსაც რამდენიმე დღის იზოლატორში გატარება მოუხდათ. ერთ ადამიანს, 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს განმეორებით გადაკეტვის გამო ბრალდება წარუდგინეს და ის ამ დრომდე პატიმრობაშია. მენთეშაშვილი ორი თვეა, შიმშილობს.

უწყვეტი პროტესტის ერთერთ საღამოს აქციაზე მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი. მეორე დილით, ივანიშვილის პრემიერის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ “კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის” გამო, კობახიძემ მასთან შეხვედრა გააუქმა. იმავე დღეს, ფინურ გამოცემასთან სატელეფონო საუბარში ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა — განრიგის ცვილების გამო, რასაც ივანიშვილის პრემიერმა “ცრუპენტელობა” უწოდა. შსს-მ ელინა ვალტონენი გზის «უკანონოდ გადაკეტვისთვის» 5 000 ლარით დააჯარიმა, ასევე, ივანიშვილის საგარეო უწყებამ ეუთოს საპროტესტო ნოტით მიმართა.

ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, გიორგი გახარიას პარტიამ  პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, “რათა ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის”. ივანიშვილის რეჟიმმა კი, პარტიების აკრძალვის თანმდევი კანონების ცვლილება მიიღო — საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცა უფლება, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა «არსებითად იმეორებს»  სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას. 

თავდაპირველად რეჟიმის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ასაკრძალ სიაში უნდა ყოფილიყო ენმ-ს დროს ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუმცა, საბოლოოდ, რამდენიმეკვირიანი ანონსის შემდეგ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელიდან ცნობილი გახდა, რომ ოცნება 3 პარტიის — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის და ლელოს აკრძალვას ითხოვს. რაც შეეხება გახარიას პარტიას, ირაკლი კობახიძის თქმით, მათ თავი “პარლამენტში შემოსვლით” გადაირჩინეს. ხოლო სხვა პარტიებს, რეჟიმის განმარტებით, მათ ამ ეტაპზე, არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ და ამიტომ, “მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება”. სარჩელის მიხედვით, “მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ”.

17 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე, მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სუს-ის ცნობით, ამოიღეს 7 002 200 აშშ დოლარი და 136 000 ლარი, ძვირფასი ნაკეთობები და საათები, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია, მობილური ტელეფონები და ელექტრომოწყობილობები. 

23 ოქტომბერს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მოწმის სახით გამოკითხეს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. უკვე მეორე დღეს მას  «შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზების» გამო ბრალდება წარედგინა. პროკურატურამ ღარიბაშვილისთვის მილიონლარიანი გირაო შეფარდება და პასპორტის ჩამორთმევა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. თავად  ღარიბაშვილი ბრალს დაეთანხმა და თქვა, რომ სათქმელი არაფერი აქვს. ღარიბაშვილმა გირაოს უზრუნველყოფისთვის მოსაშვილზე მდებარე ბინა ჩადო.

30 ოქტომბერს დააკავეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მოადგილე, კობა გაბუნია. გაჩხრიკეს ქარსელაძის სახლიც. ამას წინ მოქმედი მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადება უძღოდა, რომელმაც თქვა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარე 214 პროექტიდან 161 პრობლემური იყო.

31 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ. იქამდე, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით დააკავეს ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კაკაბაძის ბიძა ზურაბ კაკაბაძე.

კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ძალიან რთულ წლებში კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ხელის მოთბობა, რაც ქვეყნის და გუნდის ღალატია. მისივე თქმით, 2023 წლის დეკემბერში «გარკვეული ინფორმაციები შეიძლება იყო უკვე ცნობილი ჩვენთვის». ის ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის ბოლოს გააკეთა განცხადებები და ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები. 

“სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ. ვიღაცებმა რომ რაღაცები შეიძლება ვიცოდით, სწორედ ამის გამო გაკეთდა კონკრეტული განცხადებები 2023 წლის დეკემბრიდან და გარკვეული დრო დასჭირდა გადამჭრელი ზომების მიღებას» — თქვა კობახიძემ.

რეჟიმის სატელიტი მოძრაობის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებით, «გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ კუთხით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე», პოლიტიკური პარტიის დაფუძნება გადაწყვიტეს. სწორედ მათ ეყრდნობოდა პროკურატურა ე.წ საბოტაჟის საქმეზე გამოძიებაზე. ასევე, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა — სურთ თუ არა მოქალაქეებს ევროკავშირი.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 26 ოქტომბერს საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

ნოემბერი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში «კიდევ უფრო გადაუხვია ევროკავშირის გზიდან». ასევე, კომუნიკეში წერია, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურადაა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ივანიშვილის საგარეო უწყების განცხადებით, ანგარიში მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული და ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები უნდა დაისვას.

შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას აღარ მიიღებდა ევრონესტის შემდგომ სესიებში. მიზეზად 30 ოქტომბერს Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოიყვანეს, რომელშიც დაგმობილია, მათ შორის, საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე «ქართული ოცნების რეჟიმის სისტემატური თავდასხმები.»

18 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს ადამიანი შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იყო. ივანიშვილის საგარეოს მტკიცებით,  ევროკავშირმა «გადადო შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით». მაკა ბოჭორიშვილის თქმით, «საუბარი იყო დელეგაციის შემადგენლობაზე, ქართული დელეგაციის შემადგენლობას ვერ განსაზღვრავს ვერავინ სხვა, თუ არა ქართული მხარე”. ივანიშვილის პარლამენტოს თავმჯდომარის თქმითაც, “ვინ ეკითხება მეორე მხარეს, როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია”.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის დააკავეს ქართული ოცნების მხარდამჭერი მანჩო გიორგობიანი და კიდევ 4 ადამიანი, მათ შორის, მამუკა ჩარკვიანის ვაჟი. გამოძიების ცნობით, გიორგობიანმა შეურაცხყოფა მიაყენა სუპერმარკეტის თანამშრომლებს, შემდეგ კი, ჯაკო ჩარკვიანს დაურეკა, რომელიც ადგილზე თანხმლებ პირებთან ერთად მივიდა. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სუპერმარკეტის თანამშრომლებს.  

რეჟიმმა ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს ბრალდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით წარედგინეს, ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს — საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით, ელენე ხოშტარიას საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს — საბოტაჟის მუხლით. ვაშაძეს, ჯაფარიძეს და ხოშტარიას მათ შორის, ედავებიან, რომ  ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სიებს პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს, შედეგად, სხვადასხვა ქვეყანამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამასამდე მოქალაქეს. საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ, სხვებზე კი, რომლებიც ისედაც პატიმრობაში აყვნენ, მხოლოდ წინასასამართლო თარიღი განსაზღვრეს. მოგვიანებით, როცა საპატიმრო დატოვა ზურა ჯაფარიძემ, რომელიც სასჯელს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის იხდიდა, მას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, ასევე, ჩამოართვეს პასპორტი და პირადობის მოწმობა.

კონსულტაციების შემდეგ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა. გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, ფიშერი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას გერმანიის სრული მხარდაჭერით გააგრძელებს. 

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ლევან გამრეკელი დააკავეს, რომელიც “ორ პირთან ერთად 5 მილიონი ლარის მილსადენებს ფარულად დაეუფლა”.

ივანიშვილის პარლამენტმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა — ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ფინანსურ ან სამოხელეო დანაშაულებში იქნებიან მსჯავრდებულები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვალდებულები იქნებიან 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა რაჟდენ კუპრაშვილი, თუმცა, თავადაც და უწყებამაც ეს ინფორმაცია სასტიკად უარყვეს. კუპრაშვილის თქმით, სანამ ეს ანტიკორუფციული ბიურო იარსებებდა, ხელმძღვანელი თავად იქნებოდა, რაშიც მართალი აღმოჩნდა. არასრულ ერთ კვირაში გაირკვა, რომ ოცნება ანტიკორუფციულ სააგენტოს საერთოდ აუქმებს. მათ თქვეს, რომ უწყება გარედან თავმოხვეული და “კვაზი” იყო.

20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე გახარიას სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. უკვე დეკემბერში, 20 ივნისს დაზარალებულ მაკო გომურს პროკურატურიდან აცნობეს, რომ გიორგი გახარიას ბრალდება განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გადაუკვალიფიცირეს.

თითქმის 4 წლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ვივამედიდან ციხეში დააბრუნეს. ექიმების თქმით, მას მკურნალობა აღარ სჭირდება.

ვიბრძვით ბოლომდე, გამარჯვებამდე — ირაკლი კობახიძის ანტიევროპული განცხადებიდან ერთი წლის თავზე, 28 ნოემბერს საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. რეჟიმის წარმომადგენლების თქმით კი, კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყოველ სიტყვას კიდევ ერთხელ “აწერენ ხელს”. 

საპატიმრო დატოვეს რუსული კანონის აქციების დროს ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულმა საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა.

ცნობილი გახდა, რომ ოცნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აუქმებს, ასევე, ბიზნესომბუდსმენი ივანიშვილის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადადის. რეჟიმმა შეცვალა საარჩევნო კოდექსიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ. ივანიშვილის წარმომადგენლების მტკიცებით, ემიგრანტები შეცდომაში არიან შეყვანილები. დეპუტატები ასევე ამბობდნენ, რომ ყველანაირი პირობა გვაქვს, მოქალაქეები სამუდამოდ დაბრუნდნენ. ასევე, ცვლილებებით, პარტიებს კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრის წარდგენა შეუძლიათ. კანონი დეკემბერში მიიღეს.

ოცნების ინიციატივით, ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ პირები, ვინც 1-ელ ნოემბრამდე ტაქსით კანონდარღვევით მუშაობდნენ. ასევე, მოგვიანებით, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, “ერთგვარი საახალწლო საჩუქარი” გაუკეთეს მართვისმოწმობაჩამორთმეულ 35 000-ზე მეტ პირს და მართვის მოწმობები დაუბრუნეს. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს კი, ჯარიმები დათქმით ჩამოაწერეს.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი — გამართლდა. მუხლს ამნისტია შეეხო და ოქრუაშვილს სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა. 

29 ნოემბერს დააკავეს მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი. შსს-ს ინფორმაციით, მან საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა. ელისაშვილს ბრალი ტერორიზმის მცდელობისთვის წარუდგინეს, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიტიკოსი ფაქტს აღიარებს, თუმცა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ უნდოდა, ცეცხლი წაეკიდებინა უსამართლობისთვის. 

Eagle Hill-ს და ივანიშვილის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პარალელურად, რომელიც, ოფიციალური განცხადებების მიხედვით, გონიოსა და თბილისში კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, სხვადასხვა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივი ჯგუფმა დაიწყო ქსენოფობიური კამპანია “საქართველოში ორი არაბული ქალაქის” აშენების და “არაბიზაციის საფრთხის” შესახებ. 

დეკემბერი 

ბიბისის გამოძიების ცნობით, ოცნებამ აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ქართული ოცნების განცხადებით, BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ, მოგვიანებით, კობახიძემ თქვა, რომ სარჩელს ჯერ ბრიტანულ მარეგულირებელში შეიტანენ. პარალელურად, გამოძიება დაიწყო სუს-მა. დაკითხვაზე დაიბარეს BBC-ის რესპონდენტი ექიმები, ასევე, ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება).

ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ “ეს ნივთიერებები იყო შეძენილი და შსს იყენებდა 2012 წლამდე”. ირაკლი კობახიძის მტკიცებით კი, შსს-ს კამიტი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც არ შეუძენია. მოგვიანებით, მან თქვა, რომ 2009 წელს “გარკვეული გამხსნელი ფხვნილი” შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, თუმცა, კამიტი არ ყოფილა და, გამოძიება ადგენს, რაიმე აკრძალულს შეიცავდა [ფხვნილი] თუ არა. მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა. მისივე ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს შეძენილი “კონკრეტული ნივთიერება” 2019-2020 წლებშიც გამოიყენებოდა. რამდენიმედღიანი “გამოძიების” შემდეგ, სუს-მა განაცხადა, რომ კამიტის გამოყენება გამოგონილია და გრძელდება გამოძიება მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე. მათი მტკიცებით, BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდებით შსს-ს შეძენილი აქვს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ანუ ცრემლსადენი გაზი გამხსნელ ნივთიერება ქლორო ტრიქლორეთილენთან ერთად, “რომელიც არ არის აკრძალული”. კობახიძის თქმით, “გამოძიების მასალები” სურვილის შემთხვევაში საერთაშორისო სუბიექტებს გაუზიარებენ, ხოლო BBC-მ “სიყალბისთვის” ბოდიში უნდა მოიხადოს. 

გახარიას პარტიამ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა, თუმცა, უარი მიიღო. სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს.

ივანიშვილის პარლამენტმა აქციების კანონი კიდევ ერთხელ გაამკაცრა. ხალხის მოძრაობის ადგილას აქციის გასამართად სავალდებულო გახდა სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილება. ამ ცვლილებით, რეჟიმს შეუძლია, აქციაზე ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში გაგიშვათ. კანონი დაჩქარებული წესით მიიღეს და უკვე დაიწყეს ტროტუარზე მდგომი ადამიანების სასამართლოში დაბარება, ჯერჯერობით, სხდომები ახალი წლის შემდეგ გადაიდო. 

20 დეკემბერს შსს-მ გამოაქვეყნა  2025 წლის 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებზე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარე სივრცეში, არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

პარალელურად, ოცნებამ ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა პარლამენტის, თბილისის მერიის და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანისთვის. კობახიძე «სამთავრობო ქალაქის» პროექტზე ამბობს, რომ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ.

პარლამენტმა მიიღო ე.წ განათლების რეფორმის შესახებ კანონი, რომელიც რეალურად უნივერსიტეტების ავტონომიას და სასწავლო გრანტებს აუქმებს. ცვლილების მიხედვით, სკოლებში სწავლა 11-წლიანი იქნება, ბაკალავრიატში 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურაზე — 1-წლიანი. ასევე, ერთ ქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს. რაც შეეხება საზღვარგარეთ სწავლას, რომელიც 12-წლიან განათლებას ითხოვს, მოსწავლეებს რეგისტრაციის შემდეგ მეთორმეტე კლასის ნებაყოფლობით გავლა შეეძლებათ. გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს ვეღარ მიიღებენ. ასევე, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლა უფასო იქნება როგორც ბაკალავრის, ისე სამაგისტრო დონეზე, ხოლო კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე გრანტები აღარ გაიცემა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის კვოტირება «მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს». რეჟიმის განცხადებით, საუნივერსიტეტო რეფორმა არ შეეხება მოქმედ სტუდენტებს.

ივანიშვილის განათლების მინისტრის თქმით, შეიცვლება სასკოლო რეფორმაც, მე-11 კლასში მოსწავლეები მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რაც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. ასევე, საჯარო სკოლებში, 1-6 კლასებში ტესტურ რეჟიმში დაბრუნდება სასკოლო ფორმები. მორიგ ჯერზე შეცვალეს გადაწყვეტილება და I კლასში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. აღმოჩნდა, რომ “უკეთესი სასკოლო განათლებისთვის” წიგნებიც იცვლება და ყველა სკოლაში მხოლოდ 1, განათლების სამინისტროს დაწერილი წიგნით ისწავლიან.

25 დეკემბერს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა — “საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის”. არქიმანდრიტი, რომელიც რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილეა, ეპარქიულმა კომისიამ რამდენჯერმე დაიბარა. კერძოდ, სექტემბერში TV პირველმა გამოაქვეყნა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრის, დოროთე ყურაშვილისა და სამი სასულიერო პირის — მამა მიქაელ ბოტკოველის, ანდრია ჯაღმაიძის და იოანე გოგორელიშვილის — საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირებმა მამა დოროთე საპროტესტო აქციებსა და სინდისის პატიმრებზე გაკეთებულ განცხადებებზე, ინტერვიუებსა და ქადაგებებზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

შემდგომში, ეპარქიული კომისიის 16 ოქტომბრის დასკვნით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის გამოსვლებში «იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები». ეპარქიამ მას კომისიაზე არგამოცხადების გამო მკაცრი გაფრთხილება მისცა და «ახსნა-განმარტებებისთვის” მომდევნო სხდომაზე დაიბარა. მათი მტკიცებითვე, როგორც ამბიონიდან, ისე საჯარო გამოსვლებში, გამოიკვეთა წმინდა სინოდის, ცალკეული სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ასევე, “მისი მხრიდან ადგილი აქვს ცილისწამების გავრცელებას, თითქოს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, საპატრიარქოში შეხვედრისას, თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოეთხოვა პასუხი”.

დოროთე ყურაშვილი მორიგ ჯერზე 29 ოქტომბერს დაიბარეს, რაზეც მან თქვა, რომ კომისიას მხოლოდ მედიის თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ  უარი განუცხადა და სხდომაზე არდასწრება “არასაპატიო მიზეზად” მიიჩნია. ეპარქიამ მიმართა ილია მეორეს, მამა დოროთე გაეთავისუფლებინა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და განეწესებინა მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რაც საპატრიარქომ დააკმაყოფილა.

არქიმანდრიტ დოროთეს გარდა, ეპარქიალურ სხდომაზე დაიბარეს არქიმანდრიტი ილია თოლორაიაც, თუმცა, მისი განცხადებით, 5 ნოემბრის კომისიის სხდომიდან «ფაქტობრივად გამოაგდეს» და არ მოუსმინეს. იმავე დღეს, პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის წარდგინება და სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმსახურება აუკრძალა, «ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს».

თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, თურქმენეთში «მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის» ფორუმი გაიმართა, რომელსაც, სხვებთან ერთად,  ირაკლი კობახიძე და ვლადიმირ პუტინიც დაესწრნენ. ივანიშვილის პრემიერმა კრიტიკას “აბსოლუტურად არასწორი სპეკულაციები” უწოდა.

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ოცნება 1 მარტამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ასევე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთაპირებისთვის ერთიან ბაზას შექმნის. ოფიციალურად, ცვლილებები მოქალაქეებზე სხვადასხვა სახის, მათ შორის იარაღის ლიცენზიების და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგებმა, ფსიქიატრებმა და დარგის ექსპერტებმა პროტესტი გამოხატეს, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ “ამაზე კიდევ უფრო სენსიტიური თემებიც გროვდება სახელმწიფოს მხრიდან”.

გარდა ამისა, დაჩქარებული წესით განიხილეს კიდევ ერთი კანონი, რომლითაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი «პროცესუუნარო პირი», კერძოდ, ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო, უნარი არ შესწევს შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

ოცნებამ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის რეაბილიტაციის ცენტრი შექმნის კანონიც მიიღო. აქამდე, 14 წლამდე არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველანაირი პასუხიმგებლობისგან თავისუფლები იყვნენ. ცვლილებით, მოზარდები დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურორის მიმართვის შემდეგ, მულტიდისციპლინარული ჯგუფის დასკვნის და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია, “უკიდურეს შემთხვევაში”, რეაბილიტაციის ცენტრში განათავსონ. გარდა ამისა, დაჩქარებული წესით განიხილეს თანმდევი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულში ჩართვა, ან არასრულწლოვანთან ერთად დანაშაულში მონაწილეობა დამამძიმებელი გარემოება იქნება. 

ივანიშვილის პარლამენტმა იარაღის შესახებ კანონიც შეცვალა — წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სრულწლოვანებისთვის, შსს-ს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე; 

ევროკომისიის მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უვიზო მიმოსვლის ვალდებულებების დაცვას ეხება, წერია, რომ საქართველომ, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, უვიზო ქვეყნის სტატუსი მთლიანად დაკარგოს.

რეჟიმის პატიმრებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ ევრობიუროკრატიას ჰყავს გამოკეტილი ციხეში. ქართული ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) კი, თავის გადაცემაში სთხოვა «აბსოლუტურად ყველას»,  გაათავისუფლონ დაკავებული ახალგაზრდები წინასაახალწლოდ, «რომ დაფიქრდნენ, რაღაც სიკეთის ფასი რა არის, სიყვარულის ფასი რა არის». უცნობის მოწოდებას გამოეხმაურნენ რეჟიმის პატიმრები და თქვეს, რომ არც ბოდიში აქვთ მოსახდელი, არც ყაველაშვილს მიმართავენ და ყველანაირ შეწყალებაზე საუბარი ზედმეტია.

23 დეკემბერს განსაკუთრებით დიდი იდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი. მისი საქმის ერთერთ ეპიზოდში თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, კახა გვანცელაძეც ფიგურირებს, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. თავად კახა კალაძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას “მიესალმა”, ირაკლი კობახიძემ კი დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ მისი ინფორმაციით, კახა გვანცელაძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის მერს “შემხებლობა არ აქვს”.

24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპასთან შედარებით “მართლაც ბევრად ძვირია”. კობახიძის თქმით, «ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ». კობახიძემ შსს-ს მოუწოდა, საკითხით დაინტერესდეს, ასევე მიმართა ივანიშვილის პარლამენტს, საგამოძიებო კომისია შექმნას. სურსათის ფასების შესწავლა სუს-მა დაიწყო. ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, კომისია სესიის გახსნისთანავე შეიქმნება.

შეაფასეთ ტექსტი
SituationGeorgia
კომენტარის დამატება

;-) :| :x :twisted: :smile: :shock: :sad: :roll: :razz: :oops: :o :mrgreen: :lol: :idea: :grin: :evil: :cry: :cool: :arrow: :???: :?: :!:

რა ხდებოდა საქართველოში 2025 წელს
არის თუ არა გვირგვინი სიკვდილის ჩრდილი კასპიის ზღვისთვის?