
საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს.
ბრენდირებულ ქსელში რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულებამ ₾3.80-ს გადააჭარბა, პრემიუმი 4 ლარზე მეტი ღირს, ხოლო სუპერის ფასი 4.40 ლარს გადასცდა. დიზელი კიდევ უფრო მეტად გაძვირდა, ტაბლოებზე მისი ფასი ₾4.60-ზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში ₾4.75-ზე მაღალია. ფასები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ყოველ შემთხვევაში, ზრდის შეჩერების საწინააღმდეგო მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს.
2026 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცალო ქსელში ბენზინის ფასი 25-30 პროცენტით, დიზელის ფასი კი 49-56 პროცენტითაა გაზრდილი.
ბენზინის ფასის დინამიკა
წყარო: წყარო: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
წყარო: წყარო: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
დიზელის ფასის ზრდის ტემპმა ბენზინს დაახლოებით ორჯერ გადააჭარბა და 50%-იანი ნიშნულიც გადალახა.
ცხრილი 2: დიზელის ფასის ცვლილება
წყარო: წყარო: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
წყარო: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
რომპეტროლის საიტზე ფასების არქივი არ მოიძებნა. ლუკოილის შემთხვევაში 2025 წლის 31 ივლისიდან 2026 წლის 31 იანვრამდე ფასები მითითებული არაა. 2025 წლის 15 სექტემბრის თარიღით არც გალფის ფასები იძებნება, ამ შემთხვევაში საშუალო გამოყვანილია 4 აგვისტოსა და 10 ოქტომბრის ფასებით.
საწვავის ფასზე მოქმედი ფაქტორები და გაძვირების მიზეზები
საწვავის ფასის ფორმირებაზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს, საიდანაც უმთავრესი (თუმცა არა ერთადერთი) ნედლი ნავთობის ფასია. მას ემატება ე.წ. პლატსის ფასი (ნავთობისა და საწვავის ოფიციალური საერთაშორისო საზომი, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს), უშუალოდ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის გასაყიდი ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი, საგადასახადო ტვირთი, ვალუტის გაცვლითი კურსი, ოპერაციული ხარჯები და მოგების მარჟა.
ბოლო ერთ წელიწადში WTI-ს მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 66%-ით, $64-დან $106-მდე, Brent-ის მარკის ფასი კი 60%-ით, $68-დან $109-მდეა გაზრდილი. ორივე შემთხვევაში ზრდა მარტიდან იწყება, რაც პირდაპირ უკავშირდება ირანის დაბომბვასა და ჰორმუზის სრუტის კრიზისს. აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია ისრაელში 28 თებერვალს დაიწყო.
WTI-ისა და BRENT-ის მარკის ნავთობის ფასის ცვლილება ერთწლიან ჭრილში
წყარო: OILPRICE.COM
ბოლო დღეებში “შავი ოქროს” გაძვირება იემენში ჰუსიტების გააქტიურებამ, საპორტო ქალაქების დაკავებამ და ბაბ ელ მანდების სრუტეში უსაფრთხოების ნორმების მოშლამაც განაპირობა.
ჰორმუზის სრუტე ზედა ყვითელ წრეში, ხოლო ბაბ ელ მანდების სრუტე ქვედა წითელ წრეში. წყარო: Google earth
ფასის ზრდაზე გარკვეული გავლენა უკრაინის მიერ რუსეთში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების დაბომბვამაც იქონია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ნედლ ნავთობს ისევ ყიდის, თანაც ფასდათმობით, ამ ფაქტმა გავლენა უფრო მეტად საცალო ფასებზე მოახდინა, ვიდრე გადაუმუშავებელ ნავთობზე.
შიდა ფაქტორები?
ბოლო პერიოდში საქართველოში არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც, წესით, საწვავის ფასზე ნეგატიურად უნდა ემოქმედა.
ბოლო ერთ წელიწადში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.4%-ით, 2.70-დან 2.61-მდე გამყარდა, რასაც, წესით, საწვავის გაძვირების ტემპი მცირედით მაინც უნდა შეემცირებინა. როგორც მინიმუმ, გაცვლითი კურსის ცვლილებას გაძვირება არ უნდა დაეჩქარებინა.
რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გაიზარდა ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯები. საგადასახადო ტვირთი ბოლო ერთ წელიწადში არ შეცვლილა.
ბენზინგასამართ სადგურებზე ხელფასი დღესაც დაბალია. JOBS.GE-ზე ვისოლის გამოცხადებულ ვაკანსიაში 3 დღეში ერთხელ 24- საათიანი მორიგეობა, რაც თვეში შესვენებების ჩათვლით 240- საათიან მუშაობას გულისხმობს, 800-1000 ლარითაა განსაზღვრული, რასაც შესაძლოა გაურკვეველი ოდენობის ბონუსი დაემატოს. შედარებისთვის, ტიპური 40-საათიანი სამუშაო კვირა, შესვენებების ჩათვლით, 45 საათი გამოდის, რაც თვეში 195 საათია. გალფს ანაზღაურება მითითებული არ აქვს. სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეც 24- საათიანი მორიგეობა ძირითადად 90-120 ლარადაა შეფასებული. ბოლო ერთ წელიწადში ხელფასები რომც გაზრდილიყო, ის საცალო ღირებულებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა. თვითმომსახურების ობიექტებზეც განსხვავება 10-15 თეთრია, მაშინ როცა ბოლო 1 წელიწადში ბენზინი 80 თეთრზე მეტით, დიზელი კი 1.5 ლარზე მეტით გაძვირდა.
საწვავის ჩამსხმელი ოპერატორის ვაკანსიების პირობები
საწვავის ჩამსხმელი ოპერატორის ვაკანსიების პირობები. წყარო: jobs.ge და job.ge
“ყველაფერი საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული”
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი ვახტანგ იობაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ყველაფერი საერთაშორისო ბაზარსა და მშვიდობის დამყარების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, თუ ადრე ფასს ოპეკის ქვეყნები ადგენდნენ, ახლა მსოფლიო სანავთობო პოლიტიკა უკონტროლოა, ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები პროდუქციას აუქციონის წესით ყიდიან, რაც ბენზინისა და დიზელის საბოლოო ღირებულებაზე უარყოფითად აისახება.
კითხვაზე, თუ რა გავლენა აქვს ქართულ საცალო ქსელში რუსეთიდ
