xr:d:DAFuyKArl2k:3,j:2708192560648935736,t:23091809

სააკაშვილის განცხადება ეწინააღმდეგება ურთიერთპატივისცემის პრინციპს – ოპოზიციის ალიანსი
ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არღვევს ალიანსის პრინციპებს – ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავის შეკავებას.
ასე გამოეხმაურნენ პარტიები მე-3 პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც 18 აპრილს სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელდა. საუბარია მსჯავრდებული პოლიტიკოსის პოსტის შესახებ, რომელშიც ის აკრიტიკებს ოპოზიციას იმ საფუძვლით, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან საკმარისად აქტიური კომუნიკაცია არ აქვს.
განცხადებას ხელს აწერს ოპოზიციურ ალიანსში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა”.
18 აპრილს მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომელშიც ექსპრეზიდენტი მოქალაქეებთან აქტიური და უშუალო ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს. სააკაშვილის წერს, რომ პრეზიდენტობამდე და პრეზიდენტობის დროსაც პირადად იცნობდა სხვადასხვა სფეროში მომუშავე, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ რიგით მოქალაქეებს, ეხმარებოდა მათ და უზიარებდა ინფორმაციას.
სააკაშვილმა გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ “თბილ ტელესტუდიებში და ფეისბუქის კომფორტულ ბაბლში” სხედან და მერე უკვირთ, “ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე”.
“იმისთვის, რომ ეს ხალხი რუსთაველზე მოვიდეს, ჯერ თქვენ უნდა იყოთ მათთან ნამყოფები კამერების გარეშე და გახსნილი გულით. ჯერ თქვენ უნდა იყოთ ნაბრძოლი ადგილობრივ ფეოდალებთან, ისეთთან, როგორიც ნეფარიძე იყო წყნეთში. რამდენმა თქვენგანმა იცის, მაგალითად, თუ რას სჩადიან ჩიგოგიძე და ჩხარტიშვილი გურიაში, ან წყალტუბოს და ზუგდიდის მერები, კახელი ფეოდალები ან ვიტია ჯაფარიძე სვანეთში და გაქვთ ამაზე ხმა ამოღებული?
საუბრობთ ტურიზმის კრიზისზე, რამდენი ხართ ასული კურსებში ან ბევრ სხვა პრობლემურ ადგილზე?
ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და ფეისბუქის კომფორტულ ბაბლში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე.
შესაბამისად, რეგიონებში არსებობს მხოლოდ ბიძინა VS მიშა და არ რჩება ადგილი თქვენთვის. პრინციპში ქალაქებშიც თუ ბაბლს გასცდებით, იგივე სიტუაციაა.
ამის სანაცვლოდ გადაიქეცით საერთაშორისო ვითარების მიმომხილველ აბონ ციციაშვილებად ან ზოგი ჯიუტად აგრძელებთ ერთი და იმავეს გამეორებას – მთავარია ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველაფერი მოგვარდება. კი, მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს ივანიშვილი?” – წერს სააკაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ» მიიღო რუსული კანონი, მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, არ აპირებს დაემორჩილოს ამ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ კანონს და დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ მოქალაქეების ინფორმირებას.
